კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ მორიგი ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და ოპოზიციის მიერ „დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა. 

„ამჯერად, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს უკავშირდება:

– პირველი, იგეგმება ერთსა და იმავე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით;

– გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკდამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიის წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა;

– ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის;

– იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი;

– მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა

– იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს;

– ასევე, იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის;

– იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;

– იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ;

– იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა, -” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ.

„ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში, “- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციური პარტიებიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ“.

მან ასევე გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს.