წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავენ სახეს – სამადაშვილი კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. სალომე სამადაშვილის თქმით, „ოცნება“ დამარცხების მოლოდინში „ყოველდღიურად კარგავს სახეს“.

„ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ადანაშაულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვაზე. მინდა, ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს. სასაუბროდაც აღარავინ დარჩათ, გარდა ოდიოზური ფიგურებისა, როგორებიც არიან კობახიძე, წულუკიანი და ა.შ.  პარტიის უკანასკნელი მხარდამჭერებიც კი ტოვებენ მათ რიგებს. მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ „ოცნების“ მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ მათ მხარდაჭერას.

მათი ამოცანაა, შეაშინონ ხალხი, რათა ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არ მოატყუებინოთ თავი. ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ, რომ სახლში დარჩეთ, ფაქტობრივად, ხმას აძლევთ „ოცნებას“. ჩვენ კი ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ ძალიან მშვიდად, ყველა წესების დაცვით, მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს კარს მომდგარ არჩევნებს. მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს.