საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება და ამბობს, „ჯერჯერობით, კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“.
მისივე თქმით, მოიძიეს ინფორმაცია პროტესტის ორგანიზატორებთან დაკავშირებით და „თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან“.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ჯერჯერობით, კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, – განაცხადა კობახიძემ.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდა. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულოს ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.
ამ პროცესების საპასუხოდ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, რომელიც ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანიაა, სოციალურ ქსელში 11 სექტემბერს განცხადება გაავრცელა. კომპანიაში შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს „რადიკალურ ჯგუფს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპენსაციები გაცემულია, რომლის ჯამური რაოდენობაც 12 მილიონ ლარზე მეტია, „ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები”.
თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება და რიგი ოჯახების მიერ აღებული თანხა ავანსის სახითაა გაცემული.
პროტესტის მონაწილის, გიორგი ნეფარიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ „გაიწელა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მომზადება”, კომპანიამ წინასწარ გარკვეული თანხა გადაუხადა პროტესტში მონაწილეებს, მანამ, სანამ დასკვნა მომზადდებოდა. ამ თანხას კი, მისი თქმით, შემდგომში უნდა დამატებოდა სამხარაულის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დაანგარიშებული ანაზღაურება.