კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩს თავს არ ესხმიან, მას არგუმენტირებულ შეკითხვებს უსვამენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ჟურნალისტები მას ვერ დაუსახელებენ ვერც ერთ თავდასხმას თანამდებობის პირის მხრიდან აშშ-ის ელჩზე.

კობახიძე ამბობს, რომ ელჩის მიმართ ხელისუფლების წევრებს ჰქონდათ შეკითხვები ორ თემაზე:

„თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირიდან აშშ-ის ელჩზე. ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული შეკითხვები ორ თემაზე: პირველი უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან.

როდესაც მოსამართლე ბრალს დებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაისვას შეკითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად.

ასევე შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ხდება ეს საკითხები საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არა ელჩი ომის რიტორიკაზე დისკუსიას, როცა ეს შეკითხვები ისმება, მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხის მიღება და აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები.

როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის და ელჩს შეუძლია, პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არ არის თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება, აქ შეიძლება, პასუხი გაეცეს და დამთავრდებოდა ყველაფერი. როცა ელჩი არ სცემს პასუხებს, საზოგადოებას უღრმავდება ეჭვი და ეს არის საშიში.

კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია, საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, ეს ეხება მოსამართლეს თუ ომის რიტორიკას, პასუხი გაეცეს. იგივე ეხება შეკითხვას ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც ისმება შეკითხვა, რამდენად შეხვდა ელჩი ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა ეს ვერ მოვისმინეთ.

არის შეკითხვები, ჩვენ არ ვართ ამის ინიციატორები, არის მოსამართლე, არის პარლამენტარი, ისინი სვამენ ამ შეკითხვებს და როდესაც ეს შეკითხვები ხდება საზოგადოების დისკუსიის ნაწილი, ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი შესაბამისი განცადება ვერ შეფასდება თავდასხმად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსის უსამართლო განცხადებაც კრიტიკად შეფასებულა, ხოლო ხელისუფლების არგუმენტირებული შეკითხვები – თავდასხმად.

„არ არის სამართლიანი. არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არ შეიძლება, არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა“, – განაცხადა მან.


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ ყაველაშვილის და ლაშა ჩხიკვაძის შეკითხვებსა და ბრალდებებს არაერთხელ უპასუხა.

ელჩმა განმარტა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და არ აფინანსებს იმ ჯგუფებს ან ადამიანებს, რომლებიც ომის რიტორიკას ეწევიან. დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ ის დიდი ხანია, არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს და როცა ხვდებოდა, მასი დაშანტაჟება არ უცდია.

კელი დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებები სიმართლე არ არის.