„კომერციული სუროგაცია იკრძალება“ - რა წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში

პუბლიკა

„სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის; იკრძალება კომერციული სუროგაცია; იკრძალება კომერციული სუროგაციის რეკლამა“ – პარლამენტს უკვე წარედგინა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის/ინ ვიტრო განაყოფიერების რეგულირებას შეეხება.

კანონპროექტის – „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ – შექმნასთან ერთად ცვლილებათა პაკეტი 18 კანონში  ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას, მათ შორის: მაუწყებლისა და რეკლამის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე, სამოქალაქო კოდექსსა და მოქალაქეობის შესახებ კანონში.

კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულთა რაოდენობა 2018 წელს 506-დან 2021 წელს 959 ახალშობილამდე გაიზარდა. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მისი მნიშვნელობის და მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მდრ-ისთვის პროცედურების უსაფრთხოება და ხარისხი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

მათივე ცნობით, დღეს საქართველოში მდრ-ის პროცედურებზე ნებართვას ფლობს 19 დაწესებულება და ეს დაწესებულებები საქმიანობას ეწევიან ამბულატორიულ ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე.

„არ ფუნქციონირებს ერთიანი რეესტრი მდრ-ის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მათი შედეგების შესახებ მწირია. საქართველოს მდრ ცენტრები სუროგატის მომსახურებას სთავაზობენ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას. ამასთანავე, საკანონმდებლო დონეზე არ არის დადგენილი მდრ-ის სფეროში ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, რის გამოც ამ სფეროში იკვეთება კომერციული ინტერესებიც.

ეს ხარვეზები ცხადყოფს, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად აუცილებელია თანამედროვე სამართლებრივ ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება. ამ მიზნით მომზადდა ეს კანონპროექტი“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ასევე, როგორც პაკეტის ავტორები მიუთითებენ, ევროკავშირსა და ევროპის „ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით“ საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, ადამიანის ორგანოების გადანერგვის ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის მთელ რიგ სამართლებრივ აქტებთან დაახლოვდეს.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი არსი

მთავრობის ინიციატივით შექმნილი კანონპროექტი 8 თავისა და 40 მუხლისგან შედგება. კანონის რეგულირების სფეროს ნაწილში აღნიშნულია, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. 

კანონპროექტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებით, აკრძალულია:

  • რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილების ან ემბრიონების დონაცია და გამოყენება დონორის წერილობითი, ინფორმირებული, ნებაყოფლობითი, კონკრეტული და მკაფიო თანხმობის გარეშე;

  • ემბრიონის ფორმირება, გენეტიკური მასალის, უჯრედების, ქსოვილების ან ორგანოების სამკურნალო მიზნით მისაღებად;

  • ადამიანის კლონირება;

  • ადამიანის ორგანიზმში ცოცხალი არსების სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან ნაყოფის შეყვანა, რომელიც ადამიანს არ ეკუთვნის;

  • ცხოველის სხეულში ადამიანური წარმოშობის სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან ნაყოფის შეყვანა;

  • კვერცხუჯრედის განაყოფიერება სათესლე უჯრედების სპეციალური შერჩევით, რათა მოხდეს ბავშვის გარკვეული სქესის არჩევა, ან ისეთი პროცედურა, რომელიც ზრდის ან უზრუნველყოფს ემბრიონის სქესის შერჩევის შესაძლებლობას ან „ინ ვიტრო“ ემბრიონის სქესის დადგენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ გზით ხდება სერიოზული გენეტიკური დაავადების თავიდან აცილება, რომელიც ბავშვის სქესთან არის დაკავშირებული;

  • ადამიანის რეპროდუქციული უჯრედების შერწყმა/შერევა სხვა ცოცხალ უჯრედებთან, რომლებიც არ არიან ადამიანური წარმოშობის.

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაადგინოს მდრ-სთან დაკავშირებულ საქმიანობასთან მიმართებით სხვა შეზღუდვები.

ვის მიუწვდება ხელი ამ მომსახურებაზე? – კანონპროექტის მიხედვით, მდრ-თან დაკავშირებული მომსახურება უშვილობის მკურნალობის მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ან სამოქალაქო ქორწინებაში არმყოფი წყვილებისთვის, მარტოხელა ქალებისა და მარტოხელა კაცებისათვის, რომელთაც, სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლის მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულება.

ასევე, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალების ან მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უნაყოფობის დიაგნოზი, თუმცა მათ მიერ რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან რისკის შემცველია ორსულობის, ან მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ანდა არსებობს ნაყოფისთვის/შთამომავლობისთვის გენეტიკური ან ინფექციური დაავადების გადაცემის საფრთხე და რომელთაც, სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლების მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულება.

გარდა ამ ადამიანებისა, ასევე, კანონპროექტის მიხედვით, მდრ-ის მომსახურება საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენების საშუალებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელთაც გადადეს საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენება რეპროდუქციული ფუნქციის სამედიცინო მიზეზით შესაძლო შემცირების ან დაკარგვის გამო ან ოჯახის დაგეგმვის მიზეზით.

ამავე ნაწილში საუბარია, რომ ამ მომსახურების მიღება შეუძლიათ არასრულწლოვანებს, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო რეპროდუქციული ფუნქციის შემცირების ან დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, უფლება აქვთ, შეინარჩუნონ და შეინახონ რეპროდუქციული უჯრედები ან ქსოვილი შემდგომი გამოყენებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება მდრ-თან დაკავშირებული საქმიანობების ერთიანი ეროვნული რეესტრი. 

კანონპროექტში ასევე განსაზღვრულია დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა. 

„მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობები ეფუძნება ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმს და სოლიდარობას დონორსა და რეციპიენტს შორის (რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილების და ემბრიონების დონორების ჩათვლით)“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტი კრძალავს ფინანსური სარგებლის მიღებას – აკრძალულია ფინანსური მოგების ან სხვა სახის მატერიალური სარგებლის მიღება ან შეთავაზება/მიცემა რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონის დონაციის სანაცვლოდ.

ასევე, კანონპროექტით, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედებით/ქსოვილებით ან ემბრიონებით ვაჭრობა, აგრეთვე, მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში იმ რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების გამოყენება, რომლებიც მიღებულია ვაჭრობის შედეგად.

ამასთან, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულება პასუხისმგებელია, რომ დონორის ყველა სამედიცინო ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება ან უკავშირდება დონაციის პროცესს ან გესტაციური სუროგატის მომსახურებას, იქნება დაფარული.

კანონპროექტის მიხედვით, რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონების ნებაყოფლობითი დონაციის პოპულარიზაცია უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად.

„აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის, აგრეთვე გესტაციური სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალურ სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას“, – წერია კანონპროექტში.

ცვლილებათა პაკეტი მოცულობითია და ბვერ საკითხს ეხება, მათ შორის, დონორებისა და ბენეფიციარების წერილობითი ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობას, შესაბამის უწყებაში კომპეტენტური ორგანოს შექმნას, რომელიც რეესტრზე, მონიტორინგსა და ინსპექტირებაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე, ქსოვილების დონორთათვის აივ-ინფექციაზე ტესტირების სავალდებულოობას.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ითვალისწინებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობა 5 000-დან 100 000 ლარამდე განისაზღვრება.