კომიტეტმა ოხანაშვილისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანრი ოხანაშვილისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. საკითხი პლენარულ სხდომას წარედგინება.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში საშემოდგომო სესია ხვალ, 2 სექტემბერს გაიხსნება.

23 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდზე გავრცელდა ანრი ოხანაშვილის განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას თანამდებობის დატოვების შესახებ ამცნო.

ოხანაშვილის თქმით, მან პოსტი მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე დატოვა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩეველის თანამდებობას დაიკავებს.

ანრი ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელი 5 თვის განმავლობაში იყო. მან პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა.

პოსტზე მისი ყოფნის დროს დააკავეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი. სუსის მტკიცებით, ის სადახლოსთან მწვანე ზონაში აიყვანეს, თუმცა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის აბუ-დაბიდან გაიტაცეს და „აირზენას“ ბორტით თბილისში ჩამოიყვანეს. მისივე მტკიცებით, ბორტზე ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

ოხანაშვილმა ბაჩიაშვილის ბრალდება უარყო და „ზღაპარი“ უწოდა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნაწილობრივ დაადასტურა გიორგი ბაჩიაშვილის ვერსია და სუსის განცხადების საპირისპიროდ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი „უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს“.

ბოლო პერიოდში კიდევ ერთი გახმაურებული თემა იყო ჩორჩანის საგუშაგოს დადგმასთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება.

„ქართული ოცნების“ ვერსიით, 2019 წელს გიორგი გახარიამ, მაშინდელმა შს მინისტრმა, ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის გადაწყვეტილება სხვა უწყებებთან შეთანხმების გარეშე მიიღო.

სუსის უფროსმა ოხანაშვილმა თქვა, რომ 2019 წელს საგუშაგოს ჩადგმა სუსთან კოორდინირებული არ ყოფილა.

„ყველაფერი განხორციელდა სუსის გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი, ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ცნობილი, მეც გიდასტურებთ ამ ინფორმაციას“, – თქვა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის ხელმძღვანელობის დროს დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომლის შესახებაც საგამოძიებო მედიაში წლების განმავლობაში არაერთი რეპორტაჟი მომზადდა. მას შემოსავლის უკანონო ლეგალიზაცია ედება ბრალად.

ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „შესაძლებელია, კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა“. მისი თქმით, ამის მოკვლევა გაგრძელდება.

ანრი ოხანაშვილს სუსის უფროსის პოსტზე „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.