ოხანაშვილი ჩორჩანის საგუშაგოზე: ეს ყველაფერი განხორციელდა სუსის გვერდის ავლით

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმა სუსთან კოორდინირებული არ ყოფილა. მისი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით თუ რაიმე ნაბიჯების გადადგმა ხდება, სუსთან კოორდინაციით უნდა მოხდეს.

ოხანაშვილმა თქვა, რომ რა ახსნა აქვს კონკრეტულ პირს, უნდა მოისმინონ. 2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო. ის „ოცნების“ პარლამენტში წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს.

„ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა, ერთი, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე არის კონკრეტული პირი დაბარებული და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, რა ახსნა აქვს ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ვნახოთ, უნდა დაველოდოთ, რა ახსნა ექნება, რა არგუმენტი ექნება, თუ იქნება ასეთი ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი რაც არის, ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით. მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე, რა განმარტება გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები. დანარჩენი, გამოძიებას ექნება კითხვები თუ საგამოძიებო კომისიას, ჩვენი ვალდებულებაა, ნებისმიერი პირის, რომ ვისთან მიმართებაშიც არ უნდა იყოს შეკითხვები, უნდა გასცე პასუხი გამოძიების ინტერესებს.

ფაქტი ის არის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული, ჩემი ინფორმაციით, ეს არ იყო კოორდინირებული იმ პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან კონკრეტულ საკითხებში ჩართულობა, ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს ყველაფერი განხორციელდა სუსის გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი, ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ცნობილი, მეც გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ყველა სხვა საკითხი უნდა იქნას გამოკვლეული და შესწავლილი“, – თქვა ოხანაშვილმა.


პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

უწყებამ გამოჰკითხა ადგილობრივები, ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.,„ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.