კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის: ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნეს და დასკვნა ბიუროს გადაუგზავნეს. ბიურო აღნიშნულ საკითხს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაარეგისტრირებს.

კომიტეტის თავმდჯომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე განაცხადა, რომ გადამოწმდა, არის თუ არა დეპუტატების განცხადებები მათი ნების გამომხატველი და მხოლოდ ამის შემდეგ დადგა საკითხი განსახილველად.

„რატომ „პატრიოტთა ალიანსი“? – იმიტომ, რომ მათი სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს სურვილი აქვს, თუ ეს სამი ადამიანი პარლამენტიდან გავა, მათი ადგილი დაიკავონ ადგილმონაცვლეობიდან გამომდინარე. სხვა პარტიების მომართვების განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში. ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების პროცესს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმატს ვაძლევთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ვცდილობთ, კანონის პროცედურები და პოლიტიკური პროცესი ისე წარვმართოთ, რომ იყოს ხელშემწყობი პირობები მოლაპარაკებების გაგრძელების“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებს ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ, ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

3 იანვარს ღია წერილი გამოაქვეყნა დავით ზილფიმიანმა, პარტიის წარმომადგენელმა და განმარტა, რატომ ფიქრობს პარლამენტში შესვლას: „ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“.

3 იანვარსვე საკითხს გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ინაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება, ხოლო სიის ბიზნესშემადგენლობის ნაწილზე მას ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს.

„მკაფიოდ ვამბობ მატყუარა „ქართული ოცნების“ საყურადღებოდ, „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური პარტია არ იქნება წარმოდგენილი თქვენს პარლამენტში, არ ვიცი, რა გიხარიათ. საუბარია, ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლობაზე, ანუ იმ წევრებზე, რომლებსაც განცხადება ჯერ არ აქვთ დაწერილი თუმცა მათი საკითხიც ჯერ გაურკვეველია, რადგან ვინ შევა და ვინ არ შევა, ეს პოზიციებიც კი არ არის ჯერ ცნობილი. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, ამ ბიზნესმენებს შორის არ არის არც ერთი პარტიის წევრი, ერთადერთი პარტიის წევრი არის ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელსაც ვესაუბრეთ და ვიცით მისი პოზიცია. ჩვენი პოზიციაც ცნობილია მისთვის, თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტს, რომ გახდეს პარლამენტის წევრი, მას მოუწევს პარტიის დატოვება.

ბიზნესმენებმა, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს სიაში გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. სამწუხაროა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ ნაწილთან. ისინი იყვნენ ჩვენი პარტიის შემომწირველები, მხარდამჭერები მხოლოდ და არა პარტიის წევრები და შესაბამისად, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, ოთხი ან სამი ბიზნესმენის, დამოუკიდებელი ბიზნესმენის, უპარტიო ბიზნესმენის შესლა პარლამენტში, ლეგიტიმაციას ვერ მისცემს თქვენს გაყალბებული გზით შემდგარ პარლამენტს“, – თქვა მან.

 

 

 

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile