კონგრესმენის შეფასება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ჩრდილოეთ ვექტორზეა ორიენტირებული - ხაზარაძე

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება “ოცნების” ხელმძღვანელობით, არის ჩრდილოეთ ვექტორზე ორიენტირებული, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაზემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი და პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აქვე არის აღნიშნული, რომ ჩვენ ქვეყანაში, განგრძობადი გადახვევა მიმდინარეობდა დემოკრატიული ღირებულებებისაგან და ჩვენ მომსწრეები ვართ იმისა, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მას თავისი სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფოს მართვა ჰქვია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. ამავე წერილში საუბარია ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.