კონსტიტუციის შეცვლის შემთხვევაში, ვადამდელის პროპორციული წესით გამართვა შესაძლებელია – მენაბდე

პუბლიკა

აქციაზე „დავიბრუნოთ ქვეყანა“ სადაც მოქალაქეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აპროტესტებენ, ორგანიზატორებმა აქციის მოთხოვნა გაახმაურეს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული წესით. ამასთანავე მოითხოვენ, ვადამდელი არჩევნები დროებითმა მთავრობამ გამართოს.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნების შემდეგ გაჩნდა კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, კონსტიტუციაში მოესწროს ცვლილება, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით გამართვას უზრუნველყოფს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, მოქმედ პარლამენტს შეუძლია, კონსტიტუციაში 2020 წლის არჩევნებამდე შეიტანოს ცვლილება, რომელიც პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების კანონპროექტის რეგისტრაციისთვის საჭიროა 76 დეპუტატის ხელმოწერა, რის შემდეგაც უნდა მოეწყოს საერთო-სახალხო განხილვა და გაიმართოს სამი მოსმენა.

მისივე თქმით, ვადამდელის პირობებშიც არის შესაძლებელი პროპორციულზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, თუმცა, აქვე, ვახუშტი მენაბდე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რთული პროცედურაა, რადგან რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს:

“თუ პრემიერი გადადგა და პარლამენტმა ახალი ვერ დაამტკიცა; თუ პრემიერმა პარლამენტს ნდობის განახლებისთვის მიმართა, ვერ მიიღო და საკანონმდებლო ორგანომ ვერც ახალი კაბინეტი დაამტკიცა.”