14 სექტემბერს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილული იყო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მოქალაქეების პეტიცია.
განხილვას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფის „მუზეუმისთვის“ წარმომადგენლები.
განხილვის შემდეგ კულტურის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პეტიცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაუგზავნოს და მათ მიეცეთ ერთთვიანი ვადა მოქალაქეებისთვის პასუხის გასაცემად.
განხილვის შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პეტიციის სამინისტროსთვის გადაგზავნა ნიშნავს, კომიტეტმა თავი აარიდა კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას.
„საკითხზე მსჯელობის ნაცვლად, პარლამენტმა საკითხის შესწავლა იმ სამინისტროს დაავალა, ვისი საქმიანობის შესწავლასა და კონტროლსაც პეტიციის ხელმომწერი 2500-ზე მეტი ადამიანი მოითხოვდა. საქართველოს პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო. მიგვაჩნია, რომ კულტურის კომიტეტმა თავი აარიდა კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პეტიციის ერთ-ერთ ადრესატი კულტურის სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტი იყო. ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტი დაინტერესებულიყო მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველეყოთ საკითხის საჯაროობა.
კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ დეპუტატებს განუმარტა მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პრობლემურობის შესახებ.
მისი თქმით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ქაოსურმა მენეჯმენტმა და სწრაფად მიღებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებმა, რომელიც საჯარო არ იყო და საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს. როგორც კილასონია განმარტავს, 10 წლის განმავლობაში მუშავდებოდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმა, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, UNESCO-ს წარმომადგენლები, და რომელიც სამ თვეში უგულებელყვეს.
„ეს გეგმა, რომელიც საჯარო იყო და რომლისადმი იმედებს ამყარებდა სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმთან ერთად. და, თუკი ვინმე არის კვალიფიციური ამ ქვეყანაში, ყველა ამ პროექტის ირგვლივ იყო გაერთიანებული. ეს გეგმა 3 თვეში უგულებელყვეს და 3 თვეში მომზადებული დასკვნის საფუძველზე მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ, სავარაუდოდ, ნაგებობის აღდგენა იქნება რთული. მე მაქვს წაკითხული სამთვიანი, სრულიად უცნობი ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნა.
შემიძლია დეტალურად გიამბოთ, როგორია ეს დასკვნა. ერთი მხარე უნდა დაინგრეს, იმიტომ, რომ არ არის რენტაბელური მისი აღდგენა, ცენტრალური, ყველაზე პატარა, ფასადი, რომელიც ეტყობა ძალიან ესიმპათიურებათ და გამოადგებათ, ის შეიძლება რომ დარჩეს, ხოლო პუშკინის ფლანგი საერთოდ არ უნდა აღდგეს, იმიტომ, რომ ეს ძვირია. ზუსტად ეს ტერმინები გაიმეორა მინისტრმა, ამიტომ აღვშფოთდით ჩვენ, საზოგადოება“, – განაცხადა მან.
როგორც კილასონია აცხადებს სწრაფად დამუშავებული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არსად დადებულა, მისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მისი შეფასებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
„მეტსაც გეტყვით, საცავში, რომელშიც იყო ივლისის მონაცემებით სასწრაფოდ საევაკუაციო სივრცე და იქიდან ყველაფერი უნდა გატანილიყო, 2 კვირის წინ მუდმივი ექსპონატები შეიტანეს სურათების ეროვნული გალერეიდან. მაგალითად: დ. კაკაბაძის ნამუშევრები და მთელი ქართული მოდერნიზმი. ანუ, მეოცე საუკუნის საგანძური ზუსტად იმ შენობაშია, რომელიც ივლისში თურმე ინგრეოდა.
ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, არ ვიცით აღდგება თუ არ აღდგება, ისევე, როგორც ჯერჯერობით არ იცის სამინისტრომ და არ იცის [მუზეუმის] ახალმა დირექტორმა, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია კულტურულ დაწესებულებაში“, – განაცხადა მან საკომიტეტო განხილვაზე.
როგორც ხელოვნებათმცოდნე აცხადებს, კითხვებს აჩენს შემდეგი რამ, თუ სამინისტროს პროტოკოლის თანახმად ნაგებობა ინგრევა და შენობიდან სასწრაფოდ გასატანი იყო ანჩისხატი, იმავე შენობის იმავე საცავში, სადაც მაღალი ტემპერატურაა და კლიმატური გარემო არ გაუმჯობესებულა, რატომ შეაქვთ საკმაოდ დაზიანებული კოლექცია, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში („ცისფერი გალერეა“) იყო განთავსებული. მისი თქმით, ეროვნულ გალერეაში ექსპონატებისთვის უკეთესი გარემო იყო შექმნილი.
„ჩვენ ვსაუბრობთ ალოგიკურ, ქაოსურ, სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. მე არანაირ დასკვნებსა და ბრალდებებს ჩვენ აქ არ ვაყენებთ. უბრალოდ 2 თვეში ერთმანეთთან ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები არის მიღებული“, – ამბობს ის.
ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“. დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ უწყების მიერ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟისთვის ნიადაგის შემზადების მცდელობა იყოს.
ევაკუაციის გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა შპს „კარიატიდას“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული. სამინისტრო აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით, „შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია:
„გუდიაშვილის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება, სავარაუდოდ, შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური; შენობის ნაწილში პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა“, – წერია დოკუმენტში.