კულტურის პროფკავშირი ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს

პუბლიკა

„მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესებით, რათა შეჩერდეს კულტურის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, სამუზეუმო სფეროს, ინტელექტუალურ რესურსსა და ქართულ მეცნიერებას“, – წერია საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მათი თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი ატარებს „რეორგანიზაციას“ და საკადრო ცვლილებებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ ინსტიტუციებში, რასაც შედეგად მოჰყვა წამყვანი სამეცნიერო და სამუზეუმო კადრების უსაფუძვლო ჩანაცვლება შესაბამის სფეროში სრულიად არაკომპეტენტური კადრებით.

მათი თქმით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაშვებულ იქნენ როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ტექნიკური სამსახურის მუშაკები, ასევე მეცნიერ-თანამშრომლები. პროფკავშირის განცხადებით, მათთვის ცნობილია, რომ 50 ადამიანია გაშვებული სამსახურიდან.

„დათხოვნის მიზეზად სახელდება ინსტიტუციის რეორგანიზაცია და თანამშრომელთა კვალიფიკაცია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გასაუბრების თემა იყო არა თანამშრომელთა სამეცნიერო კომპეტენცია, არამედ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და უსაფუძვლო „დისციპლინური გადაცდომები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილე გაშვებულ თანამშრომლებს (მათ შორის პროექტების ხელმძღვანელებს) აეკრძალებათ მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლა.

ცხადია, ეს არის ფონდსა და მუზეუმს შორის გაფორმებული კონტრაქტის უხეში დარღვევა. აქვე შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამორჩეულად ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის. შედეგად, გაიმარჯვა ცამეტმა პროექტმა, რომელშიც ასამდე მკვლევარს და ახალგაზრდა მეცნიერს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა სამინისტროს მხრიდან შექმნილი დაბრკოლებების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა, დანარჩენები კი კვლავ საფრთხეშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირის განცხადებით, ზემოთ აღწერილი პროცესები მიმართულია სამეცნიერო ინსტიტუციების დაშლისა და სამუზეუმო სფეროს სრული ჩამოშლისკენ, რაც ეწინააღმდეგება ქვეყანაში კულტურის დემოკრატიზაციის პროცესებს და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს.

პროფკავშირი პრემიერს სთხოვს, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამ პროცესის შესაჩერებლად.

„მოგმართავთ თხოვნით, შეხვდეთ პროფესიული კავშირის გამგეობის წევრებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენი დროული რეაგირებითა და მხარდაჭერით დაცული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა უფლებები და აკადემიური თავისუფლების პრინციპები, არამედ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის ეროვნული ღირებულებები, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი სახელმწიფო და რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზასთან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.