კვირა არ გავა, რომ ზედოზირებით ადამიანი არ დაიღუპოს - შს მინისტრის მოადგილე

ნათია ამირანაშვილი

„კვირა არ გავა, რომ ამ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით, სხვადასხვა ინფექციით თუ დაავადებით ადამიანები არ დაიღუპონ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა. კომიტეტი ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრების კანონპროექტს განიხილავდა.

მინისტრის მოადგილე საუბრობდა იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მკაცრი პოლიტიკა, რომ უკანონო გასაღება და უკანონო მიწოდება აღიკვეთოს. მისივე თქმით,  ნარკომომხმარებლების მიმართ კი ზრუნვაზე და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომებია საჭირო. როგორც მან აღნიშნა, ამ კუთხით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მისაღები.

„სახელმწიფოს მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ უფრო ლმობიერი და ზრუნვაზე დამყარებული იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ხარჯები იმ პირების მიმართ, რომლებსაც რეაბილიტაცია და დახმარება სჭირდება, წლიდან წლამდე იზრდება და სხვადასხვა ტიპის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ჩანაცვლებითი პროგრამები ფუნქციონირებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი.

მეორე საკითხად არის განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იზრუნებს – უშუალოდ მომხმარებელთა მიმართ ზრუნვის, განათლებისა და მხარდაჭერის მეტი კომპონენტი შემოვა.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამსაღებლების მიმართ, რომლებიც ისეთ პირობებში დამზადებულ ნარკოტიკებს ჰყიდიან, რომ ალბათ, არ ვიცი, კვირა არ გავა, რომ ზედოზირებით, სხვადასხვა ინფექციით, სხვადასხვა ტიპის დაავადებით ადამიანი არ დაიღუპოს ამ ნარკოტიკული საშუალებებით.

იმისთვის, რომ წვრილ გამსაღებელს უფრო მეტი შემოსავალი დარჩეს, მას უწევს სხვადასხვა ტიპის მინარევების შერევა, რომელიც ბუნებრივია, არ არის ქიმიურად და ლაბორატორიულად დამუშავებული. რაც ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი პრობლემურია ახალგაზრდებთან მიმართებით, როდესაც ისინი მძიმე მინარევების მქონე ნარკოტიკებს იღებენ და ხშირია ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევა, ხშირია სხვადასხვა ინფექციებით დაავადების შემთხვევა და ა.შ.”, – განაცხადა დარახველიძემ. 


ქვეყანაში არ წარმოებს სრულყოფილი სტატისტიკა ზედოზირებისა და ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

წლებია, საქართველოში ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები მოითხოვენ, რომ ზედოზირებით სიკვდილის პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი „ნალოქსონი” სახელმწიფომ სარეცეპტო სიიდან ამოიღოს.

„ნალოქსონი” ოპიოდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. ორგანიზაციის განმარტებით, მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკების მომხმარებლებს არ აქვთ და  ზედოზირებისას არც იმის დრო აქვთ, რომ რეცეპტის გამოწერაზე იზრუნონ.

რაც შეეხება ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას, სფეროს ექსპერტების თქმით, საქართველოს ნარკოპოლიტიკა მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული, ქვეყანა არ ზრუნავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირების პროგრამების განვითარებისთვის.