„ფრაგმენტული და პოპულისტური მიდგომა" | შსს ნარკოტიკის გასაღებაზე სასჯელს ამკაცრებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელის გამკაცრებას აანონსებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

უწყება აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, საწყისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კი ამ ოდენობით ნარკოტიკის გასაღებაზე თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარი, ანუ 6 წელი, 10 წლამდე იზრდება.

რაც შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებას, დღეს აღნიშნული დანაშაული 7-დან 14 წლამდე ისჯება. შსს-ის კანონპროექტით კი ცვლილება ამ ნაწილშიც შედის და 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას გაასაღებს.

სასჯელის ზომა იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებაზეც. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად, ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება.

ფრაგმენტული, უგუნური, პოპულისტური მიდგომა – ასე აფასებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, როდესაც ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა განუხორციელებულია, ამ პირობებში ისევ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ ფრაგმენტულ, ზედაპირულ მიდგომებს არჩევს და სისტემურ მიდგომებზე ყურადღებას არ ამახვილებს. მათივე თქმით, ხელისუფლებას კვლავ ავიწყდება, რომ მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ნარკოტიკის გასაღებასთან მიმართებით მთავარი პრობლემა არ არის სასჯელის ზომა, არსებული სანქციებიც არსებითად მკაცრია. შესაბამისად, ასეთი სასჯელი თუ არ მუშაობს (როგორც ამას შსს ამბობს), ეს უკვე სასჯელის პრობლემა აღარ არის, ეს უკვე მიდგომის პრობლემაა. როგორც ის აღნიშნავს, ისეთი პრობლემა, როგორიც ნარკოტიკული დანაშაულია, ცხადია, რომ მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით ვერ მოგვარდება.

იმნაძის თქმით, წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მართვა მხოლოდ დასჯით არც ეთიკურადაა სწორი და არც პრაგმატულად გამართლებული, და რომ ამას სჭირდება მულტისექტორული მიდგომები და პირველ რიგში – პრევენციაზე მეტი მუშაობა.

„პრობლემაა ის არგუმენტაციაც, რომელიც შსს-ს განცხადებაშია წარმოდგენილი. განცხადებაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არსებულ სანქციებს არ აქვს საკმარისად შემაკავებელი ფუნქცია. ეს თუ რეალობაა, ნამდვილად საგანგაშო ვითარებაა, ვინაიდან საუბარია 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს. მსგავსი მასშტაბის სასჯელს თუ არ აქვს შემაკავებელი ფუნქცია და ეფექტი, მაშინ სხვა რაღას შეიძლება ჰქონდეს?! ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მეტი აქცენტებია საჭირო პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა შემცირდეს ინტერესი, მექანიზმი და შესაძლებლობები ახალგაზრდებისა თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქის ნარკოტიკის გასაღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში ჩასართავად“, – ამბობს იმნაძე.

იურისტი ასევე ხაზს უსვამს ნარკოტიკების გასაღების ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბსაც, საუბრობს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნავს:

„ამ მექანიზმების წინააღმდეგ რამდენად საკმარის ძალისხმევას იჩენს შსს, ეს არ ჩანს. ისევ და ისევ ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულწილად პოპულისტური მიდგომა, რომ თითქოს კანონის გამკაცრებით საკითხს ეშველება და რომ ამით პრობლემა მოგვარდება“.

სასჯელის გამკაცრება რომ შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც აღმოჩნდეს, ამაზე ყურადღებას ამახვილებს ნარკოპოლიტიკის აქტივისტი დათო სუბელიანი. მისი თქმით, არსებობს რისკი, დანაშაული კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული გახდეს და შესაბამისად, მისი გამოვლენაც გართულდეს.

„გამსაღებლებისთვის სასჯელი ძალიან მკაცრია და მისი კიდევ უფრო მეტად დამძიმება, საერთოდ არაფერს არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული გახდება დანაშაული, უფრო მეტად მოიყრიან თავს გამსაღებელთა მსხვილი კრიმინალური ჯგუფები. რატომ? იმიტომ, რომ მათ დასჭირდებათ მეტი გარანტია, რომ შეძლონ ბაზრის ათვისება, ბაზარზე მუშაობა. ისინი შეეცდებიან უფრო ორგანიზებულად დაიცვან თავი ამ მძიმე კანონებისგან. სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება შანსი იმისა, რომ გამსაღებლებთან მიმართებით კორუფცია და სახელმწიფოს მფარველობა უფრო ხელშესაღები გახდეს“, – ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, არაერთმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ გამკაცრებები არაფერს ცვლის. მომხმარებელი მაინც არსებობს და მათი რაოდენობა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მკაცრდებოდა როგორც მომხმარებლების, ასევე გამსაღებლების მიმართ. „მუდამ იზრდებოდა მომხარებელთა რაოდენობა. რატომ? იმიტომ, რომ მიდგომა – დასაჯე ადამიანი და ის შეიცვლის ქცევას – მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ არ მუშაობს“.

მისი თქმით, ამ პრობლემასთან მუშაობისთვის სხვა მიდგომებია საჭირო, რასაც ხელისუფლება უგულებელყოფს. ის არ ცვლის დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

„სულ სხვა რამ არის გასაკეთებელი, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, იმ შემთხვევაში მოხმარება უფრო ნორმალიზებული გახდებოდა. ის შავი ბაზარი, რომლისაც ასე გვეშინია… გამსაღებლების ნაწილი… ასეთი დაწოლა აღარ იქნებოდა მათზე, მოთხოვნა აღარ იქნებოდა. ასეთი საჭირო აღარ იქნებოდა ამდენი ნარკოტიკი, ანუ უფრო მშვიდი გახდებოდა მოხმარების სფერო ზოგადად.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ახლა ზიანის შემცირებაზე მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ როგორც მოსახლეობას, ასევე მომხმარებლებს ავუხსნათ, რა რისკებია და ამისკენ ვიყოთ მიმართული – რაც მართლა მუშაობს, რაზეც მტკიცებულებები არსებობს, რომ მუშაობს – ჩვენ კვლავაც იმავე წრეზე მივდივართ და უფრო ვამკაცრებთ სასჯელს. ეს არ ხდება პირველად, კანონი რამდენიმეჯერ გამკაცრდა და არცერთხელ არ მომხდარა შემცირება ნარკოტიკების ბაზრის, ის ყოველთვის უფრო იზრდებოდა“, – ამბობს სუბელიანი.

გარდა ხელისუფლების მიდგომის კრიტიკისა, გურამ იმნაძე სამართლებრივ დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს ნარკოკანონმდებლობაში პრობლემურია და რაც შესაძლოა, უსამართლოდ მკაცრი სასჯელის წინაპირობაც გახდეს.

პირველი ასეთი ფაქტორი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს უკავშირდება. იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით კვლავ პრობლემური და უსამართლოა ნარკოტიკული საშუალებების კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობები, არის რისკი, რომ პირებს არაჯეროვნად მკაცრი სასჯელი მიესაჯოს.

„ესეც გასათვალისწინებელია, რომ დიდი ოდენობა შეიძლება მარტივად შეადგინოს ნარკოტიკულმა საშუალებამ, რადგან ნივთიერების ოდენობები ძალიან უსამართლოდ არის გაწერილი…

საჭიროა, რომ ეს პრობლემა სისტემურად იყოს დანახული. როცა სანქციის გამკაცრებაზეა საუბარი, რა ქმედებაზე მკაცრდება სასჯელი რეალურად, დასანახია. იმ პირობებში, როდესაც ნივთიერებების ოდენობები ისევ განუსაზღვრელია და ნარკოპოლიტიკის რეფორმა კი გასატარებელი, ასეთი მკაცრი სანქციების განსაზღვრა, პირიქით, უფრო მეტ რისკს ქმნის, რომ პრობლემა კიდევ უფრო უხილავი გახდეს და, მეორე მხრივ, ადამიანებს ძალიან მკაცრი, უსამართლოდ ხისტი სასჯელი შეეფარდოს, რაც არ იქნება სწორი.

საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები უფრო იმისკენაა მიმართული, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის გაუშვას მესიჯი, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ, რომ ებრძვიან პრობლემას, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად იმუშაონ ამ საკითხის მოგვარებაზე“, – ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა ის, რომ თვითონ გასაღების ტერმინი ჩვენი კანონმდებლობით საკმაოდ ფართოა – სხვა პირისთვის როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ ნარკოტიკის გადაცემა, გასაღებად ითვლება, რამაც ასევე შეიძლება უთანასწორო სასჯელამდე მიგვიყვანოს. თუმცა, იმნაძე აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში, როგორც წესი, უფრო ხშირად, გასაღებად კვალიფიცირდება ქმედება, როცა ნარკოტიკულ საშუალებას ერთი პირი მეორეს გადასცემს კონკრეტული ეკონომიკური/ქონებრივი თუ სხვა ტიპის სარგებლის მისაღებად.

„მაშინ, როდესაც ეს ორი ქმედება კანონმდებლობით ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ფარგლები იყოს ფართო და მოსამართლეს შეეძლოს, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, რა სიმკაცრით დაისაჯოს კონკრეტული ქმედება. მოსამართლეს, საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან, მტკიცებულებებიდან, ბრალდებულის ინდივიდუალური/პერსონალური მახასიათებლებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ სამართლიანი სასჯელი შეუფარდოს პირს.  და აი ამ შემოთავაზებული კანონპროექტით, ზუსტად ასეთი ინდივიდუალური მიდგომის მექანიზმი სუსტდება, ქრება და მოსამართლე იძულებული ხდება, კანონის მკაცრ ფარგლებში ჩაჯდეს და ბრალდებულს უფრო ხისტი სასჯელი შეუფარდოს“, – ამბობს იმნაძე.