2019 წელს ფაქტობრივად ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმისკენ – EMC

ნათია ამირანაშვილი

„ნარკოპოლიტიკის რეფორმის საჭიროება კვლავაც ძალაშია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ამ დროისთვის არაერთი მსჯავრდებული იხდის სასჯელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის”,  – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.

„წინა წლებთან შედარებით, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა შესაძლოა უფრო რბილია, თუმცა არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა კვლავაც დასჯასა და რეპრესიაზეა ორიენტირებული. 2019 წელს, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმირებისკენ. ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმე იყო პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებაზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ შეწყალების მექანიზმით ახერხებდნენ უსამართლო ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელისგან თავის დახსნას ნარკოტიკის მომხმარებლები”, – წერს EMC.

ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის 22 ივნისს დარეგისტრირდა. ინიცირებული ვარიანტის ძირითადი არსი ის იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას. რეფორმის კონცეფცია ასევე ითავალისწინებდა, ე.წ. გადამისამართების კომისიების შექმნასაც, სადაც მულტიდისციპლინური გუნდი ადამიანს შესაბამის დახმარებას გაუწევდა.

რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს? – ინიცირებიდან ორ წელიწად-ნახევარი გავიდა და კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა. მასზე კენჭიც არ უყრია წამყვან იურიდიულ კომიტეტს.

დღეის მდგომარეობით, ამ კანონპროექტის ხუთივე ინიციატორიდან არც ერთი აღარ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. მათგან ორმა – აკაკი ზოიძემ და სოფიო ქაცარავამ, საპარლამენტო მანდატიც დატოვა. დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე პარლამენტში რჩებიან, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ლევან კობერიძე კი ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებში“ გაწევრდა.