ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.
შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით:
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.
„რადიო თავისუფლებას“ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ ის საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვიდა, ხოლო 23 აპრილის ღამეს პირველად გავიდა სახლიდან. მისი დაკავების შესახებ ოჯახს 24 აპრილს, დილით, დაახლოებით 08:00 საათზე აცნობეს – მიზეზად ჩხუბი დაასახელეს.
ლაზარე გრიგორიადისი 3 წლის წინაც დააკავეს – 2023 წლის 29 მარტს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.
2024 წლის 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დღეს მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შეიწყალებდა. ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს დატოვა.
მანამდე, 2023 წლის 25 სექტემბერს, როცა ლაზარე უკვე დაპატიმრებული იყო, მას 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა.
2023 წლის მარტის აქციების საქმეზე ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას წინ უძღოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“.