ლაზარე გრიგორიადისის დედის მიმართვა: ის ნათელი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვა მან  „TV პირველს“ მიაწოდა და გადაცემა „რეაქციაში“ გავიდა.

მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის დედის მიმართვას გთავაზობთ სრულად:

„მე ვარ  თამთა კალანდაძე ლაზარეს დედა, ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე. ის გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული.

და ამ მის შინაგან გამოძახილს რა შეაჩერებს, ხალხო?! ალბათ ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს წესით ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი.

მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე.

ჩემი შვილი სახლში მინდა,  გულგატეხილი კი არა – ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა – სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ, “- ამბობს თამთა კალანდაძე.

მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა. 31 მარტს მას არკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 მაისს იწყება.