„ლელო" ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „ლელო“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ – „რადიკალების“ რიგებში ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს – გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“  დაკავშირებით „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები  ვალდებულნი არიან, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი  მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან  მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო  მეტი შფოთის და დაძაბულობის  შემოტანა.

ასევე, თუ პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იქნება კიდევ ერთი  პირდაპირი აღიარება, რომ ის   ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს”, – აცხადებს „ლელო”.