ლილუაშვილი ღარიბაშვილს: თქვენ მხოლოდ ომის სურათს უხატავთ ქვეყანას და შიშს აღვივებთ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. მას შეკითხვებით მიმართეს დეპუტატებმა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასეს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა  ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ თავის გამოსვლაში მას  ერთხელაც არ უხსენებია ქვეყნის მტერი – რუსეთი.

„თქვენ სამწუხაროდ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამ ომში და არა საბრძოლო მოქმედებებში,  უკრაინის დამარცხების პოზიცია აირჩიეთ. რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი, აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. „დიდი გამოწვევა“, „საბრძოლო მოქმედებები“, „ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო“ – მტერი, ბატონო ირაკლი, მტერი! მტერია რუსეთის ფედერაცია! მაგრამ თქვენ ფანტასტიკურად შეასრულეთ თქვენი ფუნქცია – ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშის გაღვივება.

ეს ფუნქცია გქონდათ, როგორც ჩანს, სიმონიანები რომ აცხადებენ ხოლმე რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ რაკეტები გამოფრინდება თბილისის მიმართულებით. აი, ეს ფუნქცია შეასრულეთ ახლა თქვენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ძირითადად ისაუბრა იმაზე, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა: „ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა”.