მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, ზოგადად დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, რამდენად არის კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან - ვოლსკი

პუბლიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სახელმწიფო დაწესებულებებში და, ზოგადად, დაწესებულებებშიც არ უნდა იყოს დაშვებული, ვიდრე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს ენმ-ის წევრებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს  თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ბრიფინგი უნდა გაემართა პარლამენტში.

მალზახ მაჩალიკაშვილი დაცვის წევრებმა  შენობაში არ შეუშვეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა.