მაჩალიკაშვილის საქმეზე 2 წლის თავზე არავისზე დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა - EMC

პუბლიკა

სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებიდან 2 წლის თავზე არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

მათი თქმით, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 6 მაისს საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საჯარო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიღებული იქნებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

„თუმცა ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა, მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები კი არ არიან ცნობილები დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად. გამოძიების პროცესში კვლავ არ არის გამოკვეთილი სუს-ის იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არსებითი შეცდომები დაუშვეს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე სუს-ის მიერ მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების საკითხზე. საგამოძიებო პროცესი ფუნდამენტური სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის ჯეროვანი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებთან”, – წერს EMC.

EMC მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით უკვე დადგენილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები და კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მათ შორის,

  • „ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში ჰორიზონტალურ, მწოლიარე მდგომარეობაში იყო და ამდენად, ხელყუმბარის გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც სუს აპელირებს, მას ვერ ექნებოდა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლობის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო და ოჯახის წევრებს სპეცრაზმელთა მოქმედებების კონტროლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, რაც ხელყუმბარის „ჩადების“ შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ვერსიას აძლიერებს;
  • საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-მა საგამოძიებო ორგანოსგან დამოუკიდებლად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით თავად ამოიღო ხელყუმბარა და მოგვიანებით გაანადგურა, რითაც შემდგომში საჭირო საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელი გახადა;
  • საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლებმა იარაღზე, რომლითაც გასროლა განხორციელდა, თვითნებურად შეცვალეს კონკრეტული ნაწილი და ცალკეული გარემოებები, მათ შორის სროლის მანძილის განსაზღვრა მნიშვნელოვნად გართულდა;
  • დადგენილია, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზისთვის თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა მთლიანობა დარღვეული პაკეტით გადაეცათ, ხოლო პაკეტზე, თარიღად მითითებული იყო 2018 წლის 21 ნოემბერი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღია;
  • სუს-ის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარება პანკისის ხეობაში ზეპირი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა, მას წინ არ უსწრებდა რისკების შეფასება და საჭირო ინსტრუქციების წერილობით გაცემა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების ერთობლიობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო კვლავ უთითებს, რომ საქმეზე ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მხოლოდ მათი შედეგების გათვალისწინებით მოხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. უკვე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, აშკარა, საგამოძიებო ორგანო ცდილობს გამოძიების პროცესის გაჭიანურებით თავიდან აირიდოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული მოხელეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა”, – წერს EMC.