ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან მასობრივ შიმშილობას აანონსებენ – მათი მთავარი მოთხოვნაა, დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლება.
12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მაღაროელები პატიმრობაში დატოვა. სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს ჩატარდება.
როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ გუშინ ჭიათურაში გამართულ აქციაზე განაცხადა, მათ ჰპირდებოდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, თუმცა ყველამ მოატყუა.
„ყველა გვაძლევდა პირობას, რომ ბიჭები გამოვიდოდნენ ციხიდან არაუგვიანეს 19 ივნისისა და იქნებოდნენ ჩვენ გვერდით. ამის სანაცვლოდ უნდა შეგვეწყვიტა შიმშილობა და 25 დღის მოშიმშილე ადამიანებმა შეწყვიტეს შიმშილობა. ამას გარდა, არ უნდა შეგვეშალა ხელი მუშა პროცესისთვის. ეს იყო მოთხოვნა ერთი მხრიდან და დაპირება, რომ ბიჭები გამოვიდოდნენ ამის სანაცვლოდ…“, – თქვა მიქაცაძემ.
მისივე განცხადებით, 19 ივნისი იქნება მასობრივი შიმშილობის დაწყების სიმბოლური თარიღი. მაღაროელები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„19 ივნისი იქნება სიმბოლური თარიღი, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა გამოეშვათ ჩვენი თანამებრძოლები გირაოთი ან სხვა დათქმებით და ახლაც არის შანსი, თუ იქნება კეთილი ნება, მთელი ბერკეტები მათ ხელშია. თუ არ გამოუშვებენ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ისევ დავსხდეთ და დავიწყოთ უვადო შიმშილობა. ეს მოხდება 19 ივნისიდან და ვისაც აქვს სურვილი, რომ გამოგყვეს ამ ბრძოლაში, ეს შიმშილობა არც დროში და არც ხალხის რაოდენობაში არ იქნება შეზღუდული. […]
ეს არ ყოფილა ერთ დღეში გადაწყვეტილი. ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვიკამათეთ და ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
შეიძლება ყველამ ვერ შეძლოს შიმშილობა ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შეუძლია ჩვენი სოლიდარობა, აქ მოსვლა, მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ გვჭირდება ყველას მხარდაჭერა”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
21 მაისს მაღაროელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტავენ, რომ შეწყვიტეს შიმშილობა და ეს გადაწყვეტილება დაკავებულ თანამებრძოლებს უკავშირდება.
მათი თქმით, „სანდო წყაროსგან“ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ეს ნაბიჯი 4 დაკავებულის თავისუფლებას წაადგება და ისინი მალე ოჯახებს დაუბრუნდებიან. ვიდეომიმართვაში მაღაროელებმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.
12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაკავებულ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
2025 წლის 1 მაისს მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC), რომელიც ორი დაკავებულის ინტერესებს იცავს, აღნიშნავდა, რომ საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთებოდა ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე და ჭიათურელების კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.
შესაბამისად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა სასამართლოს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.