მაღაროელები ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა

პუბლიკა

„ჩვენმა შრომამ, სოლიდარობამ და მხარდაჭერამ შედეგები გამოიღო, სამართლიანობამ იზეიმა, შეთანხმება შედგა“, – ინფორმაციას ამის შესახებ პროტესტის მონაწილე მაღაროელები ავრცელებენ.

ერთ-ერთი მაღაროელის, მერაბ სარალიძის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან 12-საათიან რეჟიმზე გადავა, 1 თებერვლიდან მათი ხელფასი გაუთანაბრდება სხვა მაღაროებში 12-საათიან რეჟიმზე მომუშავეთა ხელფასებს.

ასევე, იმ მაღაროელების საათობრივი ანაზღაურების ტარიფი, რომლებიც 8-საათიან გრაფიკზე აგრძელებენ მუშაობას, 1 ივნისიდან გაუთანაბრდება 12-საათიანზე მომუშავეთა ანაზღაურების ტარიფს.

„მოთხოვნები, რაც იყო დაყენებული, მიღწეულია. არის რაღაც პერიოდი აღებული იმისთვის, რომ სრულყოფაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე.

ამავდროულად, როცა იყო ხელფასებზე სხვაობა, ეს ადამიანები რომ 12-საათიან გრაფიკზე გადავიდოდნენ, ხელფასში იყო აცდენა სხვა 12-საათიანზე მომუშავეებთან შედარებით, დაახლოებით, 9 ლარი, ესეც გასწორდება და 1 თებერვლიდან გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიანზე მომუშავეებს.

ასევე, იმ მაღაროებში, რომლებიც 8-საათიან გრაფიკზე აგრძელებენ მუშაობას, ადამიანების საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიანზე მომუშავე ადამიანების ანაზღაურებასთან შედარებით. ესეც უთანასწორო იყო და გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა, ესეც გასათანაბრებელი იყო და მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა, გაგვეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და დრო მიგვეცა 6 თვე. 1 ივნისს ამ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიანზე მომუშავე ადამიანებს.

ამ ეტაპზე მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ნაბიჯი გადავდგით, საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა ეს დასაქმებულებისთვის, ნაყოფიერი იყო ეს შრომა და წვალება, რთული იყო, იცით, 5 თვის წინ დავასრულეთ გაფიცვა და რთული დღეები გავიარეთ, იქ დაბრუნება, რა თქმა უნდა, აღარავის უნდოდა. მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციული საუბრით მივსულიყავით სამართლიან გადაწყვეტილებამდე. ვადები ცოტა გაიწელა, მაგრამ რაღაცების დათმობა ჩვენც მოგვიწია“, – განაცხადა მან.

დარკვეთის მაღაროში დასაქმებულები 5 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ 8-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან 12-საათიან, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას.

მაღაროელები ამბობდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო, როდესაც საქმე შეთანხმებამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ დარკვეთის მაღაროელებს 9 ლარით ნაკლებს სთავაზობდნენ, ვიდრე ვახტურ რეჟიმზე მომუშავე სხვა დასაქმებულებს.

მაღაროელების თქმით, ყველა დანარჩენმა მაღარომ დარკვეთის მაღაროს სოლიდარობა გამოუცხადა. დღეს facebook-ჩართვისას მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის 7 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით იყვნენ გაფიცულები. საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში მიმდინარეობდა.

მედიაციის შედეგად, საბოლოოდ, ისინი ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაღაროელებს, საერთო ჯამში, 14 მოთხოვნა ჰქონდათ.