დირექტორობის კონკურსის მონაწილეებმა, დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან მორიგი ღამე გაათენეს.
ადგილზე მიიტანეს კარავი, რომელშიც დავით ფერაძეს ეძინა. მაია ეკალაძის თქმით, მან ღამე, ძირითადად მანქანაში გაატარა. თხოვნას, მისცენ პროტესტის სამინისტროს ფოიეში გაგრძელების უფლება, არავინ პასუხობს.
„ჩვენთვის ჩვეული არ არის ქუჩაში დგომა და ქუჩიდან პასუხის მოთხოვნა. მეგონა, აკადემიურად გადაწყდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში ვარ.
გარდა ამისა, რაც დღეები გადის, ძალიან მაწუხებს, რომ სკოლაში არ ვარ, ბავშვებთან არ ვარ და ამ დროს ვითხოვ პასუხს იმაზე, რაც ისედაც მეკუთვნოდა, ისედაც უნდა მომცემოდა. შეურაცხმყოფელია და ეს შეურაცხყოფის ხარისხი უფრო და უფრო იზრდება. მე ალბათ ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ ვმდგარვარ ამდენი ხნით ერთიანად რომ დავთვალოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა დავბრუნდე ბავშვებთან პასუხით, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად პასუხობენ ადამიანებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას მაია ეკალაძე.
5 დეკემბერს მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და მის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და გელა გელაძეს შეხვდნენ.
ეს იყო „შეხვედრა შეხვედრისთვის“ – განაცხადეს შეხვედრიდან გამოსულებმა.
„მინისტრმა საუბარი დაიწყო ასეთი პათოსით: პირველ რიგში მე მაინტერესებს, თქვენ ხართ თუ არა პოლიტიკურად ანგაჟირებულიო და რომელიმე პარტიას ხომ არ ეკუთვნითო, მეთქი ეს რა შეკითხვაა, რას ლაპარაკობ-მეთქი; არა, უბრალოდ მაინტერესებსო”, – თქვა შეხვედრის შემდეგ მაია ეკალაძემ.
გიორგი ამილახვარმა 5 დეკემბრის ბრიფინგზე მიმდინარე პროცესები „2 ადამიანის პროტესტად” შეაფასა.
მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კი მედიასთან თქვა, რომ ეკალაძეს და ფერაძეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ – დირექტორებად დისკრეციით დანიშვნა.
„ჩვენ ორჯერ თუ სამჯერ უკვე შევხვდით. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ გახსნილად. ერთადერთი თემა, რაც მათ დარჩათ, არის ის, რომ დაინიშნონ დისკრეციით დირექტორებად. აქედან გამომდინარე, რას ამბობენ, თქვენზე კარგად ვიცი, აქედან გამომდინარე, მინისტრი გადაწყვეტს, დისკრეციას გამოიყენებს თუ არა. სხვა მოთხოვნა მათ არ აქვთ. რა ანაზღაურებას ითხოვენ, უპრეცედენტო ზრდა არის დაანონსებული ივლისიდან, საშუალოდ 500 ლარით ეზრდებათ. არ მოუმატოთ ხელფასიო, ხომ არავინ გააპროტესტებს. ერთადერთი, რაც უნდათ, არის დანიშვნა დისკრეციით”.
მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და ითხოვს:
- დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას;
- მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას იანვრიდან და არა ივლისიდან.
ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს. მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.