მამა-შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურორატურის ინფორმაციით, პროკურატურის შუამდლომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც ორი მეზობლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას არ ურთავს.