„მანიპულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა" | კარტოგრაფების ადვოკატები პროკურატურის ჩანაწერებს აფასებენ

პუბლიკა

„ეს არის მანიპულაცია და საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა” – ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების შეფასება დღეს, 21 იანვარს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო/აუდიოჩანაწერებზე.

ორგანიზაცია TDI-ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურას ეს მტკიცებულება ჰქონდა მოპოვებული პირის დაკავებამდე და ისე დაასრულა გამოძიება, რომ დაცვის მხარეს ეს მტკიცებულება არ გადასცა, რითაც დაბრკოლებები შექმნა დაცვის უფლების ეფექტიანად განსახორციელებლად. მისი შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ხრიკი, მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში.

„რაც შეეხება ჩანაწერს, მისი მთავარი მიზანი, როგორც აღმოჩნდა, პროკურატურისთვის იყო საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ მანიპულირება სხვადასხვა ფაქტობრივი მონაცემით და მათი არასწორად ინტერპრეტირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ამბობს მშვენიერაძე. 

მანიპულაციაზე ამახვილებს ყურადღებას ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილიც.

„ჩემთვის გარკვეულწილად ნათელი გახდა, რატომ მალავდა პროკურატურა ამ მტკიცებულებას აქამდე, იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარად გამამართლებელი მტკიცებულება თავისი შინაარსით, თუმცა ისინი დღეს მანიპულაციურად ცდილობენ, რომ წარმოადგინონ დამახინჯებული შინაარსი და გადასცენ საზოგადოებას, რომ თითქოს ეს არის სკანდალი, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილმა აღიარა დანაშაული”, – ამბობს მარიკაშვილი.

ნატალია ილიჩოვას ინტერესების დამცველებიც ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არსებული ჩანაწერი, საქმეში არაფერს ცვლის.

„ეს ფარული ჩანაწერები, რაც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა, საქმეში მნიშვნელოვნად არაფერს არ ცვლის. ძალიან სასაცილოა ქალბატონი ნატალია ილიჩოვას ჩანაწერის გამოქვეყნება, რომელიც 23-წამიანია და საერთოდ არაფერზე მეტყველებს. პირიქით, ეს მტკიცებულებები უფრო მეტ ნათელს ჰფენს ამ საქმეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულები ცდილობენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას”, – ამბობს ადვოკატი გიორგი მახარაძე.

ილიჩოვას კიდევ ერთი უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე აცხადებს:

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ნამდვილად არ არის ის მტკიცებულებები, რითაც შეგვეძლო გვემსჯელა, რომ მათზე ხორციელდებოდა გარკვეული დავალებების მიცემა. პირიქით, ეს იყო ჯანსაღი პოზიციის წარმოქმნა და მათი პოზიციის დადასტურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატალია ილიჩოვას ჩანაწერი იყო ნაწყვეტი, რაც ერთობლიობაში არ იძლევა სრულ სურათს… არასწორად მიმაჩნია პროკურატურის მხრიდან ის ქმედებები, რომ სანამ დაცვის მხარეს გადაეცემა ეს მტკიცებულებები და სანამ ექნებათ შესაძლებლობა, სამართლებრივად იმსჯელონ ამ მტკიცებულებებზე, ისინი ამას ასაჯაროებენ და საზოგადოებას აწვდიან არასწორად გაჟღერებულ ინფორმაციებს”, – ამბობს ლონდარიძე.

პროკურატურის დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები – ილიჩოვა და მელაშვილი მოქმედებდნენ ზემდგომი პირის დავალებით და იყენებდნენ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი რუკების საზღვრის ხაზს, რომელიც, მათი თმით, წინააღმდეგობაში მოდის ისტორიულ საზღვართან.

„პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”, – აცხადებს პროკურატურა.