მარნეულის ეპისკოპოსი: არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან

პუბლიკა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი „ტვ პირველთან” ამბობს, რომ არ აპირებს პროკურატურასთან თანამშრომლობას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე.

 „მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან.

უარს ვამბობ [გამოკითხვაზე] და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, – ამბობს ეპისკოპოსი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გუშინ, 8 ივნისს ქადაგებისას განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის წევრი მის მოწამვლას გეგმავდა და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

ეპისკოპოსის თქმით, ეს პიროვნება უშიშროების უწყების წარმომადგენელია. მისივე განცხადებით, მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდნენ“ და ეუბნებოდნენ, რომ ეპისკოპოსისთვის საჭმელში საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა და ერთ საათში ცოცხალი აღარ იქნებოდა.

„ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ…. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაც. ეს პიროვნება ჰყავდათ, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის „დავერბორკებული“. არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, კი რა გაუკეთეს, თუმცა მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან.

ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.