მარნეულის საკრებულოსთან თავმჯდომარის – ამირან გიორგაძის გადადგომას მოითხოვენ

პუბლიკა

მარნეულის საკრებულოს წინ პარტია „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გადადგომას მოითხოვენ.

„მოძალადემ არ უნდა იმუშაოს საკრებულოში”, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აჰმედ იმამყულიევი.

საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობასა და მათზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ამირან გიორგაძე მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსიცაა.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის“ და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამ ეტაპზე შსს-ს არავინ დაუკავებია.