მას შემდეგ, რაც „გირჩის“ ბანაკს თავს დაესხნენ, ტრიბუნიდან ბანაკი პრემიერმაც გააკრიტიკა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ზურა ჯაფარიძე და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბანაკი ტრიბუნიდან გააკრიტიკა.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილი საუბრობდა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებზე, რაც, ასევე, ითვალისწინებს სამხედრო სამსახურში გაწვევის რეგულირებას და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პარლამენტი მალე მიიღებს ამ კოდექსს.

პრემიერმა თქვა, რომ, ამ მხრივ, ოპოზიციამ „ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა“  და „მათი სატელიტი, ბატონი ზურა – გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს.“

„ჩვენ, ხელისუფლება, გამოვდივართ, ვამბობთ, ჯარი უნდა გავაძლიეროთო, უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მეორე მხრივ, არ მინდა გავიმეორო, რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე, ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, საოკუპაციო ხაზთან დადგნენ შარვალჩახდილები, შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს რაღაც ბანაკები და ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე ელაპარაკებიან.

გესმით, რამხელა ფარისევლობასთან, ბოდიშით და რამხელა სიბინძურესთან გვაქვს საქმე? ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და მადლობა პარლამენტს მხარდაჭერისთვის, ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს, ვეღარ შეძლებენ ვეღარც მკრეხელური ვითომ, მღვდელმსახურების შემოღებას და ა.შ. და ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ახალ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი უნდა ჩართოს „ჯარის ბანაკებში“ და ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრები.

„ჯამში, ჩვენ, ყოველ წელს, შევძლებთ, 4 ათასი ახალგაზრდით დავიწყოთ და შემდეგ რამდენიმე ათასზე ავიდეთ. ჩვენი გათვლებით, შეიძლება, 6-7-წლიან პერსპექტივაში, ყოველ წელს 10 000 რეზერვისტი მივიღოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი მომზადება სჭირდება. ჯარი ამისთვის ემზადება. ასევე, ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრი. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ინიციატივებია. ასევე, ჩვენ დაწყებული გვაქვს „ჯარის ბანაკები“.

გვინდა, უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩავრთოთ „ჯარის ბანაკებში“, არა ზურა – გირჩის და თქვენს ბანაკებში, ამ ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ, რეალურად, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარის ბანაკებში“,- განაცხადა პრემიერმა.

17 ივნისს, ბორჯომში სემინარზე მიმავალ „გირჩის“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, 60-მდე ადამიანი ბორჯომში იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც „ლიბერალურ აკადემიას“ სემინარი უნდა გაემართა.

სასტუმროსთან შეკრებილებმა სემინარის მონაწილეების მისამართით ქვების სროლა და გინება დაიწყეს. ისმოდა მუქარის შემცველი შეძახილებიც. ადგილზე ამ დაჯგუფებასთან ერთად იყო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერი ვატო შაქარიშვილიც.