მასწავლებლები, საბავშვო მწერლები და მხატვრები უფასო სასკოლო კვებაზე საჯარო მიმართვებს ავრცელებენ

პუბლიკა

მოძრაობა „ხმა“, რომელიც უფასო სასკოლო კვების საკითხზე აქტიურად მუშაობს, სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლების საჯარო მიმართვებს ავრცელებს.

ერთ-ერთი პირველი საჯარო მიმართვა სკოლის პედაგოგებს ეკუთვნით. მიმართვას ხელს 153 მასწავლებელი აწერს. 

„ყოველდღე, როცა კლასში შევდივართ, ვხედავთ მშიერ მოსწავლეებს. მათ უდიდეს ნაწილს არ შეუძლია, სკოლაში თუ სკოლის გარეთ არსებული კვების ობიექტებში შეიძინოს ყველაზე იაფი საკვებიც კი. ბევრი მათგანი კი ნისიად იკვებება.

სასწავლო დღის განმავლობაში საკვების ნაკლებობა იწვევს მოსწავლეებში კონცენტრაციის დაკარგვას, უხასიათობას, სტრესს და გაკვეთილის მიმდინარეობისას გულის წასვლასაც კი. ჩვენ ბავშვების ყოველდღიური შიმშილობის მოწმე ვართ და მათთან ერთად გვტანჯავს შეურაცხყოფისა და უმწეობის განცდა.

ეკონომიკურად დასუსტებული ქართული ოჯახები შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ! არსებული რეალობა გვკარნახობს, რომ უფასო სასკოლო კვების შემოღება გადაუდებელი აუცილებლობაა.

ათიათასობით გამოკვებილ მოსწავლეს სწავლის ხალისი დაუბრუნდება, რაც აუცილებლად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე, ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობასა და პროგრესზე. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება უარი თქვათ უფასო სასკოლო პროგრამის დანერგვაზე. ის სჭირდება ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – ნათქვამია პედაგოგების მიმართვაში.

ცოტა ხნის წინ საჯარო მიმართვა გაავრცელეს ასევე საბავშვო მწერლებმა, მხატვრებმა და ილუსტრატორებმა. როგორც ისინი ამბობენ, მათ სჯერათ, რომ საბავშვო წიგნების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც კი ოდესმე უკეთებიათ, თუმცა ეს წიგნები ბავშვებამდე ვერ აღწევს.

„რადგან საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ მშიერია სკოლაში. მოსწავლეების 20% სოციალურად დაუცველია და არც სკოლის მერე ელოდება განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები. არასათანადო და არასაკმარისი კვება პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მის შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ისწავლოს და განვითარდეს საკუთარი პოტენციალის შესაბამისად.

ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა ისტორიებია, რომლებსაც ჰყვებიან მასწავლებლები, მშობლები, სასწრაფოს თანამშრომლები და თვითონ ბავშვები. კიდევ უფრო მეტი ბავშვი კი ამის შესახებ დუმს, რადგან შიმშილზე საუბარი ეუხერხულება. სკოლებში კი დღე არ გადის, რომ ბავშვს შიმშილისგან არ წაუვიდეს გული.

როგორ გავაგრძელოთ მშვიდად წერა და ხატვა, როცა ვიცით, რომ ჩვენს მკითხველს შია. შია სკოლაში და ვერც სახლში დაბრუნებული პოულობს საკვებს. ჩვენ ბავშვებისთვის ვქმნით თავგადასავლებით სავსე წარმოსახვით სამყაროს და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ერთადერთი სამყარო, სადაც უფროსები გულგრილად ჩაუვლიან მშიერ ბავშვებს. ჩვენ, საბავშვო ავტორები, ილუსტრატორები, მოვითხოვთ უფასო სასკოლო კვებას ყველა ბავშვისთვის“, ნათქვამია მიმართვაში. 

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნას შეუერთდნენ ასევე ძიძები. ძიძების ასოციაციამ 13 აპრილს განცხადებაც გაავრცელა.