მათიკაშვილი 14-წლიან ოკუპაციაზე ღარიბაშვილის ნათქვამს განმარტავს

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს ღარიბაშვილის განცხადებას 14-წლიან ოკუპაციაზე. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 14 წელია რაც ოკუპირებულია.

„ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია, ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში, სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება, ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე“, – წერს დავით მათიკაშვილი.