თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„პუბლიკას“ ინფორმაცია საიაში დაუდასტურეს. საია ფერაძის ინტერესებს იცავდა.
შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
ნატა ფერაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციული არ არის.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა რამდენიმე დღის წინ სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციამ კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე საქმიანობის შესრულების დროს დააკავა.
ამავე მოსამართლემ სამართალდამრღვევებად სცნო უფლებადამცველები და აქტივისტები, რომლებიც პოლიციამ ცარიელი ფურცლის და „ირაყლის“ ბანერების ჭერის გამო დააკავეს.
ნინო შჩერბაკოვმა დააჯარიმა „პუბლიკის“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტს აქციაზე დააკავეს.
სამების ეკლესიაში ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ ნატა ფერაძეს ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა. მათ ფერაძის სახლთან აქციაც გამართეს. ნატა ფერაძის სახლამდე ისინი სამართალდამცველებმა არ მიუშვეს.
ნატა ფერაძემ პოლიციას მუქარის ფაქტებზე მიმართა. ის ასევე მოითხოვდა დაცვას.
ფერაძე ამბობს, რომ მის მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად.
მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.
საზოგადოება ხატის ტაძრიდან გატანას მოითხოვდა. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხატის შემწირველს ხატიდან სტალინის წაშლა დაავალა.