მავანისთვის ალბათ უფრო სასიხარულო იქნებოდა, ზუგდიდში ტროტუარი გვამებით ყოფილიყო მოფენილი – წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას.

„მადლობა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლილად მიგაჩნიათ, ალბათ, არჩამოშლილად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ, მავანისთვის ეს უფრო იქნებოდა სასიხარულო.

მადლობა პოლიციას,  რომ ასე არ მოხდა. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ,  რომ ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა, გითხრათ ყველას, რაც არის საერთაშორისო და, უფრო კონკრეტულად, ევროპული სტანდარტი – როცა სახელმწიფოს და პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სისცოცხლე თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა ჯერ გადარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ სწორედ ამ სტანდარტით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და ამასთანავე აღნიშნა, რომ გამოძიებას ხელი შეუშალა მედიამ.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.