მდგომარეობა გაუარესებულია, ის არის ძალიან სუსტად | ადვოკატი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად.

„ძალიან სუსტადაა, აწუხებს დაბალი წნევები, დღეს რამდენჯერმე იყვნენ შესული მასთან ოთახში იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და შესაბამისად, იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე. დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შესვლაც არის მისი მოთხოვნა, “- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღეს აუღეს PCR ტესტი, რადგან გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

„ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი N18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი, არაერთხელ ჰქონდა ამ ადამიანთან კონტაქტი. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით პასუხს”, – ამბობს საძაგლიშვილი.

ადვოკატის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული.

დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დაწესებულებაში როდესაც იმყოფება ის [დირექტორი] ან სხვა დანარჩენი პერსონალი, სისტემატურად იტესტებიან და იმ პერიოდში, როდესაც ის იყო დაწესებულებაში, არცერთ ეტაპზე მას ვირუსი დადასტურებული არ ჰქონია. შემდეგ ის სამოქალაქო კლინიკაში გავიდა გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან მობრუნებისას საკონტროლო ტესტირებისას დადგინდა, რომ კოვიდ დადებითია. რადგანაც დადგინდა, აღარ შესულა დაწესებულებაში და არანაირად არ ჰქონია შემხებლობა არც მედპერსონალთან, არც თანამშრომლებთან და, შესაბამისად, არც მსჯავრდებულებთან“, – უთხრეს „პუბლიკას“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში.