დირექტორი კოვიდის დადასტურების შემდეგ N18 დაწესებულებაში აღარ შესულა - პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დაწესებულებაში როდესაც იმყოფება ის [დირექტორი] ან სხვა დანარჩენი პერსონალი, სისტემატურად იტესტებიან და იმ პერიოდში, როდესაც ის იყო დაწესებულებაში, არცერთ ეტაპზე მას ვირუსი დადასტურებული არ ჰქონია. შემდეგ ის სამოქალაქო კლინიკაში გავიდა გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან მობრუნებისას საკონტროლო ტესტირებისას დადგინდა, რომ კოვიდ დადებითია. რადგანაც დადგინდა, აღარ შესულა დაწესებულებაში და არანაირად არ ჰქონია შემხებლობა არც მედპერსონალთან, არც თანამშრომლებთან და, შესაბამისად, არც მსჯავრდებულებთან“, – უთხრეს „პუბლიკას“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში.


გუშინ, 14 ნოემბერს დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა. გლდანის იმავე დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობა.