მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი „მთავრობასთან შეუთანხმებელი” და მოულოდნელი ვიზიტებით ევროპელ ლიდერებს „უხერხულ მდგომარეობაში აყენებს”. მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი კონსიტიტუციას „დემონსტრაციულად და უხეშად არღვევს” და ყველაფერს „ისე ფუთავს, თითქოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უნდა”. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მდინარაძეს სთხოვეს, შეეფასებინა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მდინარაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილმა მაკრონთან შეხვედრაზე თანხმობა არ ჰქონდა მთავრობისთვის მოთხოვნილი, მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი მაკრონს „დაუკითხავად დაადგა თავს”.
„ოთხი დღე დაიკარგა ადამიანი[ზურაბიშვილი], გაქრა საერთოდ და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელთანაც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი, ანუ დემონსტრაციულად, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. – რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?! იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის”, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით იყო სწორი.
„სამართლებრივად კონსტიტუცია რომ ირღვევა, ამაზე ვინმე დავობს? სამართლებრივად აქ არის ყველაფერი მარტივად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი. კითხვას სვამდით, კარგ საქმეზეა წასული, ევროპული მომავლისთვის იბრძვისო. ჩვენ ამაშიც კი ეჭვი გვეპარება. ასეც რომ იყოს, სამართლებრივად კონსტიტუცია მაინც ირღვეოდა. სულ რომ შეცდომა დაეშვა მთავრობას და ვერ გაეთვალა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი მართლაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნავს და სხვა რამეზე არასწორადაც კი შეჰპარვოდა ეჭვი, კონსტიტუცია მაინც დარღვეულია, რადგან მთავრობას უნდა მიეცა ყველა შემთხვევაში დელეგირება და თანხმობა.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ წელსაც არ გვეკუთვნის, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, მათ შორის არა კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ მორალური საფუძველიც კი არ არის, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო, ნება მისცე ან თანხმობა, შენი ქვეყანა წარადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება მორალური, სამართლებრივი და ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა და არც წელს, მე წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. ამის შესაბამისად, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი“, – თქვა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დღეს, 6 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. ის ამბობდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან „სასარგებლო საუბარი ჰქონდა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით”.
სალომე ზურაბიშვილი მანამდე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც, ზუსტად იმ დღეს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოზე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო.
იმპიჩმენტი „ოცნებამ” ზურაბიშვილს დაუანონსა, რადგან მათი თქმით, პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, გამართა შეხვედრები უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად.