მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე

პუბლიკა

„როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, წინააღმდეგობას  მოხალისეებთან დაკავშირებით, მაშინ ჩნდება უხერხული მომენტი, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მათი მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტის შეკითხვას.

ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდზე და ასევე, რატომ ვერ მოხერხდა მათი დაკრძალვა ძმათა სასაფლაოზე. მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „მისთვის უხერხული თემა“ უწოდა.

„ჩვენ არ და ვერ ვუშვებთ ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო მოხალისეებს. ამ დროს ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ, თუ უბრალოდ, შემოვიფარგლოთ იმით, რასაც ვაკეთებთ… ერთი მხრივ პროტოკოლური, მეორე მხრივ უხერხული საკითხია იმდენად, რამდენადაც ეს არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.