მდინარაძე პრეზიდენტს: ქალების უფლებებზე საუბრისას ერთხელ მაინც გეხსენებინათ მსხვერპლი ჟურნალისტი

პუბლიკა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების, შემდეგ ტრიბუნასთან პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლები გამოვიდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თავისი გამოსვლის ბოლოს პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტს მიმართა, ქალთა უფლებებზე საუბრისას რატომ არ ახსენა მან ერთხელაც კი ქალი ჟურნალისტები, რომლებიც, მდინარაძის თქმით, დისკრიმინაციისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძე პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ჟურნალისტს ნათია ბერიძეს გულისხმობს.

„ერთ-ერთი საკითხი კიდე რომ არ გამომრჩეს, ამას არ შეიძლება არ შევეხეო, ქალების მიმართულებით… და თქვენ იცით, რამდენი გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით გაკეთებული. ვის ახსოვდა საეროდ 2012 წლამდე, რა ქალის უფლებებზე იყო საერთოდ საუბარი.

თქვენ ისაუბრეთ, ბრიფინგიც ჩაატარეთ, დღესაც ისაუბრეთ ამ მიმართულებით… დავიჯერებდი თქვენს გულწრფელობას, რომ გეხსენებინათ ერთი წინადადებით მაინც ან დღეს ან წინა დღეებში ის ქალი ჟურნალისტები, რომლებიც ერთ შემთხვევაში გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი – ერთი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი და მეორე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რაც პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.


პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის ერთ-ერთი მფლობელი და წამყვანი სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილია, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა და საქართველოს პრეზიდენტსაც.

საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ამ კამპანიას, რომელიც ქალი აქტივისტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მან თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, არამედ აგულიანებს მას.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.