მდინარაძე პრეზიდენტს: თქვენი ნარატივით გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუკამპანია, ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნები

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს, როგორც „უკიდურესად ტენდენციურს, რომელსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა“.

პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას მოუსმინა, რომლის შემდეგაც ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა რეგლამენტით გათვალისწინებული 10-წუთიანი გამოსვლებით ისარგებლეს და მისი მოხსენება შეაფასეს.

პრეზიდენტის მოხსენებით, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა ოპოზიცია, რადგან მათი პოზიციები ხელისუფლების კრიტიკასთან მიმართებით დაემთხვა.

გამოსვლით უკმაყოფილოა „ქართული ოცნება“ – სახელისუფლებო გუნდს სალომე ზურაბიშვილისგან ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია.

„2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა „ოცნება“ არ იყო ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ და ამ სპეცოპერაციის, მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წელს, თუმცა შეიძლება, ხელშეწყობაც იყო ამისი მისი მხრიდან, მაგრამ ეს ნარატივი იყო მასზე გატარებული.

ეს გრძელდება დღესაც და სამწუხაროა, თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად დაისახა, ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. მისი გამოსვლის მთავარი, ძირითადი მიზანი ეს გახლდათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მდინარაძე დაინტერესდა, პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე როგორ უნდა დაეზღვია საქართველოს თავი და ისევ ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, რომ 2008 წელს „მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა“.

„დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას“, – მიმართა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.

მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა ასევე ხელი შეუწყო „არა რუსულ კანონს“ ნარატივს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ და ნარატივს კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე, რომელიც, მდინარაძის თქმით, „არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით“.

„ხომ არ ემთხვევა ირიბად თუ პირდაპირ თქვენი პოზიცია ამ მიზნებს, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა თავად კრიტერიუმების დონეზე აღიარა, რომ საქართველოს როცა არ მიენიჭა სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს? დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თვითონ აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ და უფრო მეტიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს?“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები ეწინააღმდეგება მისი ამომრჩევლის პოზიციებს და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მას „მოღალატეს და აგენტს“ ეძახდა რამდენიმე წლის წინ.

„დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუკამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგო. რატომ ხდება ისე, თქვენ ვინც მხარი დაგიჭირათ, მათი პოზიცია თქვენ მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდებათ, მათ ნარატივს ამყარებთ?“, – კიდევ ერთხელ იკითხა მდინარაძემ.

მდინარაძე ამ შეკითხვებზე პასუხს პრეზიდენტის დასკვნით სიტყვაში ელოდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვით არ ისარგებლა.