მე-11 პუნქტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოვამზადეთ - სარჯველაძე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11 ამოცანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დააინიციირებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებას ქართული სასამართლოს მიერ. 

ამ პუნქტთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის შესამუშავებლად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჯგუფმა აქტიურად იმუშავა ამ პერიოდის განმავლობაში, რის შედეგადაც  კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – დააინიციროს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა.

„მოგახსენებთ ამ ცვლილებათა არსს, რომლის მიღების შედეგადაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უფრო მეტად წაახალისებს ეროვნული სასამართლოების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის გამოყენებას:

  • ყველა საპროცესო კანონმდებლობაში გაჩნდება კონკრეტული სივრცეები იმისთვის, რომ უფრო აქტიურად გამოიყენებოდეს სასამართლოების, ადვოკატების, პროკურორების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან თავიანთი პოზიციების დასაბუთებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

  • ამავდროულად, ჩნდება კონკრეტული ვალდებულებები იურიდიული პროფესიებისთვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

  • კიდევ ერთი ბლოკი ახლებურად დარეგულირებული საკითხებისა შეეხება საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც გამოიხატება მათ თარგმნაში, ანალიტიკაში, საზოგადოების (მათ შორის პროფესიული წრეების) ინფორმირებაში.

  • ახლებურად განისაზღვრება იურიდიული სტატუსი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, როგორც კონვენციის ოფიციალური განმარტებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, კომიტეტი პაკეტის ინიცირების შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასევე,  სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პრაქტიკული აღსრულების პროცესზე დაკვირვების მიზნით.