„მე რა მაქვს საბოდიშო?“ - ალუდა ღუდუშაური წითლიძის შეურაცხყოფაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური, რომელმაც ანა წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, აცხადებს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.

ღუდუშაურმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას პარლამენტის დერეფანში გადაადგილების დროს უპასუხა. ის კომენტარის ან განცხადების გასაკეთებლად მედიასთან არ გამოსულა.

„მე რა მაქვს საბოდიშო? ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას… აბსოლუტურად არანაირი სექსისტური განცხადება არ ყოფილა… ანი წითლიძე ზღვარს გადადის და ცუდი არის, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროვოცირებებს ვყვებით ხოლმე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„შენ ხარ ბანძი. შენ ხარ ბანძი ადამიანი, ტყვილა ეხლა… ბანძი ხარ, ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. არ გეტყვი იმას… იმ ქალების, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – მიმართა ღუდუშაურმა ანა წითლიძეს.

კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თეონა აქუბარდიაა. დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ მას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა, შემდეგ კი მისი ღირსებისშემლახავი განცხადებაც გააკეთა.

ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ „ემოციურად გადააჭარბა“.

ოპოზიცია ირაკლი ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას მოითხოვს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბერაია არ გადადგება.