მე ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას, ახლა მნიშვნელოვანია დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ - ხერხეულიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ის ემხრობა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ გადარჩენას.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ეკა ხერხეულიძემ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

„მე ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ და ვიცი, როგორც არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება, “- ამბობს ეკა ხერხეულიძე.

მისი თქმით, ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ  პრინციპულობასა და სამართლიანობაზე.