მედიაკადემია არ ასაჯაროებს და ჩვენთვისაც უცნობია ფინანსების ხარჯვის სტრუქტურა - წილოსანი

პუბლიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს განიხილავს.

კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ერთ-ერთი კანდიდატს, ნათია კუკულაძეს მედიააკადემიასა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა. კუკულაძე 2019 წლიდან დღემდე კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.

წილოსანის შეკითხვა მედიააკადემიის ფინანსების გამჭვირვალობას შეეხო.

„მედიაკადემია ყველა კვლევით, მათ შორის IDFI-ის კვლევითაც, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა, რომელმაც 2019 წელს 2-მილიონნახევარი ლარის დაფინანსება მიიღო, 2020 წელს კი 3 მლნ ლარზე მეტი, რომელიც არ ასაჯაროებს ამ დაფინანსებას. ჩვენთვის, მათ შორის კომიისიის მაკონტროლებელი ორგანოსთვის, უცნობია ამ მედიააკადემიის ფინანსების ხარჯვის სტრუქტურა“, – განაცხადა წილოსანმა.

ნათია კუკულაძემ დეპუტატის პასუხად აღნიშნა, რომ კომისიის წევრად მისი არჩევის შემთხვევაში მხარს დაუჭერს იმას, რომ ორგანიზაცია იყოს უფრო გამჭვირვალე და ღია.

„ვიცი ამ პროცესის შესახებ, საქმის კურსში ვარ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და გეთანხმებით, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, თუ კითხვები ისმება, მას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები…

თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მედიააკადემიის შემთხვევაშიც მხარს დავუჭერ იმას, რომ იყოს უფრო გამჭივრვალე და ყველაფერი იყოს ღია, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს არის ძალიან წარმატებული ორგანიზაცია, ძალიან კეთილ, მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს და ვფიქრობ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ“, – აღნიშნა კუკულაძე.

წილოსანის რეპლიკაზე – კომუნიკაციების კომისიის შეეძლება, რომ მისი საჯაროობა უზრუნველყოს? – ის პასუხობს:

„კომისიას, ცხადია, ცალკე არ შეუძლია, რომ მისი საჯაროობა უზრუვნელყოს, მაგრამ ის არის ჩვენ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპი და, რა თქმა უნდა, ეს არის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მისაღები გადაწყვეტილება“.

რაც შეეხება შეკითხვას მედიაწიგნიერებაზე, წილოსანმა აღნიშნა, რომ არ მიაჩნია, რომ ამ კუთხით რაიმე ხელშესახები გაკეთდა. მას ამ მიმართულებით განხორციელბული კონკრეტული შედეგების დასახელება მოსთხოვა.

„თქვენ ახსენეთ მედიაწიგნიერება, ასევე საკვანძო სიტყვები – ყალბი ინფორმაცია, პროპაგანდა და ა.შ. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ კუთხით რაიმე ხელშესახები გაკეთდა.

თქვენ, როდესაც ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით, რა ინდიკატორები დაუწესეთ თავს, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული იქნებოდა, თუ რა მოხდება?“, – აღნიშნა წილოსანმა.

კუკულაძემ აღნიშნა, რომ 2017 წლის ბოლოდან კომუნიკაციების კომისიას პარლამენტმა დააკისრა მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია და 2018 წლიდან კომისიამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. მისი თქმით, განხორციელდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე, შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, კომისიამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლის კონკრეტული სამიზნე აუდიტორია იყო მოზარდები. მან ასევე გამოყო ეთნიკური უმცირესობებით მჭირდროდ დასახლებული რეგიონები და იქ სკოლებსა და უნივერსიტეტებში განხორციელებული პროექტები.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან აქტიურად მუშაობენ განათლების სამინისტროსთან ერთად და უახლოეს მომავალში მედიაწიგნიერება სავალდებულო საგანი გახდება ყველა საჯარო სკოლისთვის.