სასამართლომ „მედიააკადემიას“ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

პუბლიკა

IDFI-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა „მედიააკადემიის” წინააღმდეგ დავაში და მოპასუხე მხარეს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

„მედიააკადემია”, რომელიც კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირია, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომ – „კომისია“) დააფუძნა საკუთარი ფუნქციის – მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონების საფუძველზე.

გამომდინარე იქიდან, რომ „მედიააკადემია” დაფუძნდა კანონის საფუძველზე, კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად და ის ფინანსდება ადმინისტრაციული ორგანოს (კომისიის) ბიუჯეტიდან, IDFI მიიჩნევს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს კანონით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს.

„2020 წლის 24 იანვარს IDFI-მ  „მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა.

თუმცა, „მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ინფორმაციის გაცემაზე უარი IDFI-მ დადგენილ ვადაში, 2020 წლის 28 თებერვალს, გაასაჩივრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რამდენადაც ის წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოს, რომლის წინაშეც „მედიააკადემია” არის ანგარიშვალდებული“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

„მედიააკადემიის” წესდების თანახმად, კომისია განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას, ამტკიცებს მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. კომისიის თავმჯდომარეს კი აქვს „მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, IDFI-ის ინფორმაციით, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, გამომდინარე იქედან, რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით.

2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდება.

„სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი   საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ  საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას“, – ამბობენ IDFI-ში.