მედიაკოალიცია კომუნიკაციების კომისიას მიმართავს, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი.
კომუნიკაციების კომისია დღეს, 15:00-ზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარზე.
პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.
მედიაკოალიცია წერს, რომ კომუნიკაციების კომისიას აქვს არჩევანი „ქართული ოცნების“ ინტერესების სამსახურსა და საკუთარ მისიას შორის, რაც დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მარეგულირებლის ფუნქციას გულისხმობს.
„კომისიას აქვს არჩევანი, დაიცვას ჟურნალისტური თავისუფლება საქართველოში.
„ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩახშობას. ტელეარხების „პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შესული საჩივარი მედიის დაცენზურების ერთ-ერთი ხერხია.
საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღეს უნდა გამოაცხადოს. პარტია ტელევიზიებს ტერმინების გამოყენებას ედავება – ანუ, რეალობის აღწერას უკრძალავს.
კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:
საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე მაღალია.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საჯარო განხილვა დემოკრატიის საფუძველია და არა დასჯის საგანი.
მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი.
მოვუწოდებთ კომისიას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი“, – აცხადებს მედიაკოალიცია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 1 აპრილს მიიღო. ამ ცვლილებებით მაუწყებლების დაფინანსებისა და მუშაობის სტანდარტები დარეგულირდება.
დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი. საკითხები, რომლებიც მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარებოდა, კანონის რეგულირების სფეროში გადადის.
საკითხები, რომლებიც მაუწყებლის ქცევის კოდექსით იყო განსაზღვრული, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ჩაიწერა.