Mediazona-ს ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსული მედიის Mediazona-ს ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ფრენკელი და მისი ცოლი Twitter-ზე წერენ.

ჟურნალისტის ცოლის, ვარია ზლოის განცხადებით, 14 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ქართულ მხარის გადაწყვეტილებას, შემოუშვებდნენ თუ არა საქართველოში დევიდ ფრენკელს.

„ყოველთვის მეგონა რუსეთს უკანასკნელი დავტოვებდი. მაგრამ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, თქმა იმისა, რასაც ვფიქრობდით, სრულიად შეუძლებელი გახდა რუსეთში. შეუძლებელია სიჩუმეში გაჩერება და დარჩენა. 40 საათი ვიყავით საზღვრისკენ მიმავალ გზაში. 2 დღე ველოდეთ, რომ გაიხსნებოდა საზღვარი ზვავსაშიშროების გამო. შემდეგ 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს და 14 საათი საქართველოს მხარეს – იმისთვის, რომ მიეღო ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს საქართველოში შესვლაზე უარი, რომელიც ფორმულირებული იყო, როგორც „სხვა მიზეზების გამო“, – წერს twitter-ზე ვარია ზლოი.


მომხდარს ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, 14 საათის განმავლობაში მესაზღვრეები სადღაც რეკავდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ელოდებოდნენ პასუხს „ზემოდან“, საბოლოოდ კი უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე.

„მომწონს, საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლები წერენ, რომ  ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, ხელებს იქნევდნენ და ხანდახან ბოდიშსაც იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იციან, რა ქნან და ელოდებიან პასუხს სადღაც ზემოდან. საბოლოოდ უარი თქვეს. არ გვაჭამეს, მაგრამ შევეცოდე და დივანთან მიმიშვეს“, – წერს twitter-ზე დევიდ ფრენკელი.


დევიდ ფრენკელი რუსულ მედიაორგანიზაციის Mediazona-ს ჟურნალისტია. გამოცემა რუსეთის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ მოვლენებს ინტენსიურად აშუქებს. რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ, Meduza-მ 2020 წლის 1 ივლისს სტატია მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კორესპონდენტი დევიდ ფრენკელი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მივიდა გასაშუქებლად. საარჩევნო კომისიის წევრებმა პოლიციას სთხოვეს ჟურნალისტის გაყვანა. ორმა პოლიციელმა ის იატაკზე დააგდო, რა დროსაც მას ხელი მოსტეხეს.

 

დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ სხვადასხვა წყაროსგან გაიგო, რომ მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობა იყო – ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.  „დოჟდმა“ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. მას შემდეგ ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დატოვებას ცდილობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ეთქვა უარი „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოშვებაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ  მისთვის კონკრეტული მიზეზი უცნობია და, სავარაუდოდ, მან [ჟურნალისტმა] სტანდარტული პროცედურიდან „რაღაც ვერ დააკმაყოფილა“.