მედიის კოალიცია მთივლიშვილზე: დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება ახალისებს მსგავს დანაშაულებს

პუბლიკა

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც „სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა.“

„დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია. 10 მაისს, თავად გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლისთანავე მას თავს დაესხა ჰესების ლობისტი მარგებაძე, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.

გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად – 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია…“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – დაწერა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, შემთხვევა „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა. გადაცემაში ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო სტუმრად გიორგი მარგებაძე.