მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში | რა თქვეს ევროპარლამენტში

პუბლიკა

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც  ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.

მათ ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, ასევე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. ახსენეს კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაც. გთავაზობთ რამდენიმე გამომსვლელის სიტყვიდან ამონარიდებს.

ტექსტი შედგენილია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

სვენ მიკსერი: „მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახანს კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით”.

პეტრას აუსტრევიჩუსი: „თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედებები, როგორიც არის კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათი ღიად დაშინება და დევნა საქართველოს მისი ამ ამბიციისგან აშორებს”.

მირიამ ლექსმანი: „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ისივე, როგორც მათ ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის შესაბამისი რეფორმების გატარება, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა”.

ვიოლა ფონ კრამონი: „ჩვენ არამხოლოდ ფული, არამედ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ქვეყანაში და ახლა ვხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, ლიდერი იყოს რეფორმებში, პროდასავლური განცხადება იფანტება ჰაერში და არის რეგრესი პრესის თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. იმის მაგივრად, რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს – ეს არ არის ერთადერთი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეგობრები და გვწყინს მსგავსი განვითარების ხილვა”.

ანდრიუს კუბილიუსი: „მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ოფიციალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მსხვერპლი მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების პოლიტიზირებისკენ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოსტ კომუნისტური ქვეყნები მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან”.

მარგარეტა გრეგოროვა: „ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობენ მედიის დევნაში, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი, ამიტომ, მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და ხელისუფალს, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპისკენ, რაც მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, მათ შორის, მედიის თავისუფლებას”.