მეგობრის თქმით, ალან ყაყიტაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა, მსჯავრდებულები კი უდანაშაულოები არიან

პუბლიკა

38 წლის ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ყაყიტაშვილი 2025 წლის 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში ყოფნისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ორ დღეში ის გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სამმართველოში ყოფნისას გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა, რის შემდეგაც პოლიციელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თუმცა გარდაცვლილის მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილი, რომელიც იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, ამტკიცებს, რომ ალან ყაყიტაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მსჯავრდებული ორი პირი უდანაშაულოა და ყაყიტაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვთ.

ირაკლი ტატუნაშვილმა ციხეში 9 თვე გაატარა. მას რესტორანში ჩხუბის დროს ორი ადამიანის დაზიანებას ედავებოდნენ. თუმცა ის 2 ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ახლა საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

ტატუნაშვილი „პუბლიკას“ უყვება, რომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ალანს მხოლოდ ცხვირზე მცირე დაზიანება ჰქონდა და სხვა თვალსაჩინო ტრავმა არ აღენიშნებოდა.

„მარტო ცხვირზე ჰქონდა გახეხილი. მეტი არაფერი სჭირდა, თავზეც არაფერი ჰქონდა“, – ამბობს ის.

მისივე განცხადებით, ჩხუბის შემდეგ ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც თავადაც გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

„მითხრეს, რა მოხდაო. ვუპასუხე, არაფერი მახსოვს-მეთქი. ამის თქმა იყო და ეგრევე თავში მუშტები წამოვიდა. დაახლოებით ათი წუთი მცემდნენ. მერე სარდაფში ჩამიყვანეს. ამ დროს ალანის ხმა მესმოდა – ყვიროდა, ტკივილისგან გმინავდა. ბოლოს ერთი ძალიან ძლიერი ყვირილი გაისმა და შემდეგ ყველაფერი გაჩუმდა. რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანა დავინახე. მაშინ მივხვდი, რომ ალანს რაღაც დაემართა“, – ამბობს ირაკლი ტატუნაშვილი.

მისი თქმით, მოგვიანებით პოლიციელები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ჩვენებაში რესტორანში მომხდარი ჩხუბის მონაწილეების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

ტატუნაშვილი ასევე ამბობს, რომ სასამართლოზე ოფიციალურად განაცხადა პოლიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მისი თქმით, მოსამართლემ ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადასცა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

„არც ექსპერტიზაზე დაუბარებიათ, არც კამერების ჩანაწერები მოუთხოვიათ, არც სტატუსი მოუნიჭებიათ. წინსვლა არაფერში ჩანს“, – უყვება ის „პუბლიკას“.

ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავდაპირველად რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ორ მონაწილეს დაეკისრა. მათ საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდათ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთს 2, მეორეს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ირაკლი ტატუნაშვილი მიიჩნევს, რომ ყაყიტაშვილის სიკვდილი რესტორანში მიღებულ დაზიანებებს არ უკავშირდება, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შედეგია და ამავე დროს აცხადებს, რომ ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები უდანაშაულოდ არიან გასამართლებულნი.

როგორც ის „პუბლიკას“ ეუბნება, მოგვიანებით გაუჩნდა განცდა, რომ გამომძიებლები ცდილობდნენ ისეთი ჩვენების მიღებას, რომელიც რესტორანში ჩხუბის საქმეზე დაკავებული პირების წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული.

„მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ალანი ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო. არც ის ვიცოდი, რომ ორ დღეში გარდაიცვლებოდა. ახლა ვხვდები, რა უნდოდათ – უნდოდათ ისეთი მეთქვა, რომ იმ ბიჭების, სმოსა და სადოევის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. გამომძიებელი ქალი ჩემს ჩვენებას ბეჭდავდა, მაგრამ რასაც ვკარნახობდი, სხვანაირად წერდა. ვეუბნებოდი – „ეს ასე არ არის, სხვა რამეს გეუბნებით, სხვა რამეს წერ“. სულ მეკითხებოდა, როგორ დამარტყა სადოევმა, როგორ დამარტყა სმოიანმა, როგორ გამათრიეს. მე კი ვპასუხობდი, რომ ჩხუბის დროს არ ვაკვირდებოდი, ვინ როგორ მირტყამდა და ასეთ დეტალებს ვერ ვიტყოდი. ბოლოს ჩემი ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე დავინახე. ამის შემდეგ სასწრაფოდ მაიძულებდნენ, რომ ჩვენებაზე ხელი მომეწერა, თუმცა უარი ვთქვი და განვაცხადე, რომ ჯერ ადვოკატს დაველაპარაკებოდი“, – თქვა მან.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ტატუნაშვილის განცხადების საფუძველზე და გამოიკვეთა თუ არა პოლიციის თანამშრომელთა შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი.

ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.