მელაძე: „კანვას საქართველოს" დირექტორი მე ვარ და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ

პუბლიკა

ილიას უნივერსიტეტის სამართლის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ სუსის განცხადების მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები ავტორიტარული სახელმწიფოების ხელწერაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის „ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“.

უწყებამ დაასახელა გვარებიც: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია კანვასი – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

„კანვას საქართველოს” დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ”, – ამბობს გიორგი მელაძე.

მისივე თქმით:

„პირადად ჩემ წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც „ექსტრემისტი“ მეძახა.

ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად.

რასაც სუსი დღეს აკეთებს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან.

მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას”.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.